სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhSYWdj2u_zZSYhfqa4DfUB_WYAhGTxV7dJHN7qzYBdRqcjlbIOkYpvpRGqhtjsMz53yb0vyq0Qr-cJPJ-PHBNlySisEFoPhi83a_w3ArB5quXAUldF8ia3FsKENMlC15xiBRtwHgA0qeY/s320/sv2.jpg)
1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეშიგიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ — მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელსროსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრისსახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით.
გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია.
I საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია: ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით - სცენა სახარებიდან: ქრისტე და სამარიტელი ქალი, შუა ნავის სამხრეთ-დასავლეთ თაღზე -მცენარეული ორნამენტი და სამხრეთი ნავის კამარაში - გაურკვეველი სცენის ნაშთები. დანარჩენი მხატვრობა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე შემდგარი ორი ქერუბიმი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი, კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. ახლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეებისაც იყოს. განახლებულია XIX საუკუნეში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით, საკუთრივ "სვეტის" (კოშკისებური ნაგებობის) XVII საუკუნის მიწურულს მხატვრობა, რომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული (მოხატვის ხელმძღვანელი მხატვარი გრიგოლ გულჯავარასაშვილი, მოთავე - ნიკოლოზ კათოლიკოსი). გარედანაც ბევრი რამ არის შეცვლილი: გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რომელიც მწვანე ქვით არის მოპირქეთებული) XV საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება (რესტავრირებულია ალექსანდრე I, დიდისმიერ თემურლენგის შემოსევათა დროს ტაძრის ძლიერი დაზიანების შემდეგ), ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია, არის XVII საუკუნის ჩანართებიც, მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.
ალავერდის საკატედრო ტაძარი
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის(975-1014) მეფობაში, ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“.
2009 წელს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით საქართველოს მთავრობამ დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია. პროექტი შენობაზე გუმბათის დადგმას გულისხმობდა. რეკონსტრუქციის პროექტმა საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია,[1][2] მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძარი, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მაინც უნდა აღდგენილიყო და სამუშაოები გაგრძელდებოდა.[3] 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში ჩარიცხა.[4] ამის მიზეზად კომიტეტმა 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო დაასახელა გახდა, რომელიც შენობის ავთენტურობასა და მთლიანობას არღვევს. [5] 2012 წელს სანქტ-პეტერბურგში გამართულ 36-ე სხდომაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში დატოვა და მის სამომავლო სტატუსს 2013 წლის სხდომაზე გადაწყვეტს.
ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეებისმტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში.
სამთავისი — ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელსამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე.
წუღრუღაშენის ტაძარი
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiQXnhE04qsE3DFrxaJnPvGirtGCpbClupxW-vSGPDZSSb5npClJYjsC8JcAU7vjlIhyphenhyphenU1zHcBWVAhNhJw1JG5SFHkQAkoaMeIHOdczq8qynPweocYpcMADVLAdox50TaMcqRmahkX-7Bk/s320/Tsugrugasheni.JPG)
ალავერდის საკატედრო ტაძარი
ლავერდი - საკათედრო ტაძარი და მონასტერი. ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე.
ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.
ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.
ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.
ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-VII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.
ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მ-მდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები.საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნისდასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით.ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის აგებულება - ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში.
ტაძარი, უმთავრესად კი , გარე და შიგა პირი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომისკრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. შემორჩენილია აგრეთვე წარწერები.
2011 წლის ივნისში ხანგრძლივმა წვიმებმა ტაძარს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც XIII საუკუნის ფრესკებს განადგურება ემუქრება. ტაძარში რამდენიმე ადგილზე წყალი ჩადგა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, წყლით დაიფარა ღირსი მამის, იოსებ ალავერდელის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაც. დანესტიანდა და დაობდა კედლები. სპეციალისტების შეფასებით, წვიმების შემთხვევაში ტაძრის და სამონასტრო კომპლექსის დატბორვა ისევ მოსალოდნელია. ასევე, საფრთხე ტაძრის მდგრადობასაც ემუქრება.[1]
ბაგრატის ტაძარი
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj5J3Mux0QeYDsAvpLQhoOPytZySA5oZrD9LWtwTCKrKZwjjFOMFkaZzubFtOwQOPya_jhxinUj3ljt7sXpuoJB61PQS0IY0ifisrjb-w-s092VJQMneDug5Cqlf__whoCDQEGrF42sDNc/s320/123.jpg)
ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“ (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტიმოგვითხრობს, „შემუსრეს ოსმალთა“. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.
ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.
მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და „სათაურებს“. უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენტები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშვენებდა.
ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjKt-9eakpmE_U7klPAYwdX56FjfQuuQl562Mp2EjN6CI-sd8HfRXvc2iRnQGHP27UOJU6zJvoOqSDiwsrbkj6k1MBJVGAoCBfU0dyeOYafH3sc-CfisRkMY_N3E0umQCTnAhpEQa-bMjA/s1600/147.jpg)
ჯვრის მონასტერი
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEh9YoThwx6c9qWWK7XAorWaad9hXKFjOktv7lT2_IvfRrVhQXw4zLHWjepyHn4Q9ZONJZd1drz_CkAisNkWXlErHWNc33trpXyYcsyQ-iFiISaYytpg5ib2yXucB3h4pEiy0RNQvEI6kU4/s320/555.jpg)
ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც, მოგვიანებით გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-586) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. იმავე - VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ასევე მისი ძმების დემეტრესა და ადარნასეს (604/605-634/635) და ერისმთავართა სახლობის სხვა წევრების თანამონაწილეობით მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აგების დრო თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა გ. ჩუბინაშვილმა. საუკუნეთა მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი დღემდე კარგად მოაღწია. ჯვრის მონასტერს სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 1924-1927 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1933-1939 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1963-1965 წლებში (ხელმძღვანელი: რ. გვერდწითელი).
ჯვრის უშუალო წინამორბედია ნინოწმინდის ტაძარი. ჯვარში განვითარებულია და მხატვრულად სრულყოფილია ნინოწმინდის კომპოზიცია. გეგმის საფუძველს აქაც კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი შეადგენს, მაგრამ ეს კუთხის ოთახები რადიალურად კი არ არის განლაგებული, როგორც ნინოწმინდაში, არამედ აფსიდების ღერძების პარალელურად და გუმბათქვეშა სივრცესთან დაკავშირებულია კუთხის ღრმა ნიშებით, რომელთაც წრის 3/4-ის მოხაზულობა აქვთ. შენობის ბირთვს, ჩვეულებისამებრ, შეადგენს კვადრატი, რომლის თავზეც აღმართულია 8-წახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი. იგი მთელი შიგა სივრცის დომინანტია, განსაზღვრავს ყველა სხვა ნაწილის ფორმასა და პროპორციებს ამ ხუროთმოძღვრულ სივრცეში.
ჯვრის დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა, მისი გარეთა პირი და ინტერიერი ამოყვანილია ვარდისფერი ქვით, ზოგ ადგილას კი მუქი ღვინისფერი ქვის კარგად გათლილი კვადრებისაგან. ქვებს შორის ნაკერების სწორხაზოვნება, ყველგან მკაცრადაა დაცული, ტაძარი თავისი მასშტაბითა და დანაწევრებით, ორგანულად ერწყმის მთას. ტაძარი აღმართულია მოსწორებულ, სწორკუთხა მოედანზე. აქვს ორსაფეხურიანი ცოკოლი, დასავლეთით იგი ემყარება ხელოვნურად გამაგრებულ ვერტიკალურ კლდეს. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. გუმბათის ნახევარსფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. რომელსაც აქვს როგორც მხატვრული ისე კონსტრუქციული დანიშნულება. გუმბათქვეშა სივრცე ოთხივე მხრივ გახსნილია აფსიდებით, რომელებიც გეგმაში ჯვარს ქმნიან, ჯვრის მკლავებს შორის ყოველ კუთხეში ჯვაროვანი კამარით გადახურულია თაღია. ყოველ ნიშში გაჭრილია ოთახში შესასვლელი: სამკვეთლო და სადიაკვნე. სამხრეთ-დასავლეთი ოთახი საქალებოა, რომლის შესასვლელის თავზე წარწერაა:
„ქ წყალობითა ღმრთისაითა და შეწევნითა ჯვარისაითა მე, თემესტია, მხევალმა ქრისტესამან, აღვაშენე საყოფელი ესე სახსენებელად სულისა ჩემისა თაყვანისსაცემლად დედათა.“ |
ჯვრის ტაძარი - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძიებათა დამაგვირგვინებელი და ყველაზე სრულად განმასახიერებელი ნაწარმოები - საფუძველს უყრის განვითარების მთელ საფეხურს: VII საუკუნეში იქმნება ანალოგიურ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გეგმისა და საერთო აგებულების მხრივ დიდად უახლოვდება მცხეთის ჯვარს, მაგრამ, ბუნებრივია, კერძო თვისებებითა და დეტალებით განსხვავდება მისგან. ასეთებია ატენის სიონი, ძველი შუამთა,მარტვილი.
ჯვრის ტიპი, ე.ი. კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი, ცნობილია მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში. სომხური ნიმუშები ქართული ნიმუშთაგან განსხვავდება გარკვეული თავისებურებით, როგორც საერთოდ ამ ორი ქვეყნის ხუროთმოძღვრება
მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, არაგვის გაღმა კლდის მაღალ მთაზე, ერთი უცნაური ხე იდგა, რომელიც საოცარ სურნელს გამოსცემდა. ამ ხეს ხალხი სასწაულთმოქმედ ხეს ეძახდა, რადგანაც დაჭრილი ნადირი ან ფრინველი მის ფოთოლს თუ შეჭამდა მაშინვე განიკურნებოდა.
„ | ვითარ ნათელ იღეს მეფემან და დედოფალმან და შვილთა მათთა და ყოველმან ერმან მაშინ დგა ხე ერთი ადგილსა ერთსა, კლდესა ზედა ბორცვსა შეუვალსა, და იყო ხე იგი მშუენიერი ფრიად და სურნელი. | “ |
—ქართლის ცხოვრება
|
მირიან მეფის ძემ რევიმ ეპისკოპოსის ლოცვაკურთხევით და ერის თანხლებით, სასწაულთმოქმედი ხე მოაჭრევინა და მცხეთაში წამოაბრძანა, რომელიც სვეტიცხოვლის ხის სამხრეთის მხარეს აღმართეს. ამის შემდეგ ამ ხისგან დამზადდა სამი ხის ჯვარი, და სამივე ჯვარი 20 მაისს აღიმართა. სწორედ ამიტომ არის ეს დღე ჯვარპატიოსნის სახელით ცნობილი, რომელსაც ქართველი ერი დღესაც ზეიმობს. სასწაულთმოქმედი ხისაგან დამზადებული სამი ჯვარი ასე გადანაწილდა: ერთი აღიმართა მცხეთის ჯვრის ტერიტორიაზე, იქ სადაც ქვის კვარცხლბეკი დგას ჯვრისთვის. მეორე - თხოთის მთაზე, იქ სადაც მირიან მეფეს თვალთ დაუბნელდა და მესამე - უჯარმაში.
ჯვრის გარეგნული სახე ნათლად ასახავს სივრცის შიგა დანაწევრებას. აქ გვაქვს შიგა და გარე ფორმების მხატვრულად გააზრებული შესაბამისობა. ეს პირველი მაგალითია შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, როცა ფასადის სახე დამოუკიდებელი, შეგნებულად დასახული მხატვრული ამოცანის მნიშვნელობას იძენს. ამიერიდან ეს ქართული არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანი იქნება ერთი იმ მრავალ ნიშანთაგანი, რომლებიც მკვეთრად განასხვავებენ მას ბიზანტიურისაგან (ბიზანტიაში ხუროთმოძღვართა ყურადღებას მთლიანად იპყრობდა დიდებული შიგა სივრცის შექმნის ამოცანა, ფასადები მათ არ აინტერესებდათ). მიუხედავად იმისა, რომ შენობა დიდი არ არის (სიმაღე 25 მ არ აღემატება), იგი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფასადთა დამუშავებაში სრული კანონზომირებაა. ჯვრის ტაძარი ბოლნისის სიონისშემდეგ ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. ფიგურული რელიეფების განლაგება ღრმად გააზრებულ სისტემას ექვემდებარება. დასავლეთი ფასადი, რომელიც ზედ ქარაფის პირასაა დაკიდებული და შორიდან ჩანს, მარტივად და ზოგადად არის დამუშავებული. აქ მთავარი ფასადები აღმოსავლეთ და სამხრეთისაა. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის აფსიდს 3 სარკმელი აქვს, რომლებიც შეკრულია მათ თავზე გავლებული დეკორატიული, რელიეფური სარტყელით. სარტყელის ზემოთ, სარკმლების შესაბამისად, მოთავსებულია 3 რელიეფური გამოსახულება იმ პირებისა, რომელთა თაოსნობით და ხარჯითაც აშენდა ეკლესია: შუაში ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ ერისმთავარია, ე.ი. მთავარი მშენებელი; მარცხნივ - მისი ძმა დემეტრე მფარველი ანგელოზითურთ, მარჯვნივ - სტეფანოზის მემკვიდრე ადარნასე (მის ზემოთაც ფრთაგაშლილი ანგელოზია, რომელსაც მარჯვენა ხელი წინა აქვს გაწვდილი); ადარნასეს წინაა მუხლმოდრეკილი ბავშვი - მისი ძე. სამივე რელიეფზე ასოთმთავრული წარწერებია, რომლებშიც მშენებელთა სახელები და ტიტულებია მოხსენიებული (ჯვრის წარწერები).
სამხრეთი ფასადი საკმაოდ ღრმა ნიშების წყალობით უფრო დიფერენცირებული ჩანს. სამხრეთ შესასვლელის თავზე, ტიმპანში, არის ძველ ქრისტიანულ სამყაროში დიდად გავრცელებული გამოსახულება - ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლება. კომპოზიცია ოსტატურადაა ჩართული და შეხამებული ტიმპანის ნახევარწრიულ მოხაზულობასთან. სამხრეთის ფასადის სხვა რელიეფები (ნიშებში მოთავსებული) ძლიერ დაზიანებულია. ფასადი, რომლის წინაც მცირე ჯვრის ეკლესია დგას, სრულიად მოურთავია. შენობის საერთო ჰარმონიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფასადთა პერანგის მშვენივრად გათლილი ქვის ფერს - მოვარდისფრო-ქვიშისფერს, დროთა ვითარებისაგან თითქოს ოდნავ შეჟანგულს. ტაძარი არა მარტო ფორმებით, მასშტაბით და პროპორციებით ეხამება გარემოს, არამედ ფერითაც.
ნიკორწმინდის ტაძარი
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhY_1-yvUr-YHfrER2PyjPla8pPNA2DYyozbHK6VkAmCsG4MIjFuc2T-Kzd3hD3-K9BSmGFb5vBEfw0WNps1pB7_Xvc2ZbGje8BJvNwH2CiQ-D8hKoliiewqKrKzZ4UTB7M8ln8fVSrJZ8/s320/888.jpg)
ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები.
ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ მრავალფიგურიან რელიეფებს, მრავალფიგურიან სცენებს ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა", "ჯვრის ამაღლება"), წმინდანების ფიგურებს, რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს, გამოსახულებებს, რომლებიც ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება.
1534 შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს. ამავე პერიოდისაა ტაძრის ფრესკული მოხატულობა. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.
სამთავისის ტაძარი
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj0zt6-oFoAgtKM7CkvD1yZHLyMsj07fQIZ3DfJrA-9wcgKjYhsQ1J24SVfIR82UB_-SvvNyEsKrBZvBcMFnq8pVQaCHa1Zy1HiJb5UF3P4OUQMgG8_pJvUMrjceitjw59_kqs5Lss1Usk/s320/5656.jpg)
გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს. ”კალმასობაში” ნათქვამია:
ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღია 472 წელი. იმდროინდელი ნაგებობებიდან აღარაფერია შემორჩენილი. X-XI საუკუნეებში სამთავისში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი. ამ ტაძრის შესახებ წერილობით წყაროებში მნიშვნელოვანი ცნობა არ არის შემონახული. იგი მხოლოდ გვიანდელი ხანის სიგელ-გუჯრებშია გაკვრით ნახსენები. სამთავისის ტაძრის აგების ზუსტ თარიღსა და ამშენებლის ვინაობას გვაუწყებს დასავლეთის კარის ზემოთ, აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა:
„ილარიონ სამთავნელმან აღაშენა ტაძარი ესე... ნე წელთა ხქლდ ქრკსა ს წ ა ნ“ |
რომელიც თავის დროზე გამოაქვეყნა თევდორე ჟორდანიამ (წარწერიანი ქვა ახლა დაკარგულია). მეორე ასომთავრულიწარწერა ასე იკითხება:
„ქ ხატო ღმრთაებისაო ადიდე ილარიონ სამთავნელ ეპისკოპოზი ძე ვაჩე ყანჩაველისა რომელმან მარანი და საწნახელი აღაშენა ქორინიკონსა სო.“ |
ამ წარწერებით ირკვევა, რომ სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წლს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი. გარდა XI საუკუნის წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე. დასავლეთის ფასადზე, კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომლის თანახმად საქართველოს მეფის გიორგი III–ის მეფობის დროს იოანე სამთავნელსტაძრისთვის მიუდგამს კარიბჭე. მემატიანის ცნობით, XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო. XIV საუკუნის I ნახევრიდან, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, სამთავისი ზევდგენიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეშიძეგლი ძლიერ დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა ფეოდალების ამილახვრების აღზევების შემდეგშესაძლებელი გახდა ტაძრის ”მეორედ” აშენება-განახლება. ტაძრის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერების თანახმად ძეგლი მეორედ აუშენებიათ გაიანე და სიაოშ ამილახვრებს; გაიანე ქართლ-იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის დაა, ამირინდო ზევდგენიძე-ამილახვრის მეუღლე, სიაოში - მათი ვაჟიშვილი. თავიდან აშენდა ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთის ბურჯი, გუმბათი და დასავლეთის კედელი, სადაც ჩატანებულია სამშენებლო წარწერა. ტაძრის ინტერიერში, აფსიდის კონქსა და გუმბათქვეშა აღმოსავლეთის ბურჯებზე შემორჩენილ წარწერებში გადმოცემულია ტაძრის მოხატულობის განახლებისა და ხელახლა მოხატვის ამბავი. ამ წაწერის მიხედვით, ტაძრის მოხატვის კტიტორები ყოფილან - გივი ამილახვარი ამისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებელი - მელიტონ სამთავნელი. ეს სამუშაოები შეუსრულებიათ 1679 წელს. 1847 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა არქიტექტურულმა რიპარდმა.ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება. მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის II ნახევარში.
სამთავისის ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა და გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს (25X18 მ; სიმაღლე 37 მ). ტაძარი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი მოყვითალო და მონაცისფრო-მომწვანო კვადრებით. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (სამხრეთის შესასვლელი XIX საუკუნის შეკეთებისას ამოუშენებიათ). ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე, ნაგებობის ცენტრალურ ნაწილშია ღმართულია ოთხი ცალკე მდგომი ბურჯი. ისინი ქმნიან ტაძრის შიდა სივრცის მაორგანიზებელ გუმბათქვეშა კვადრატს, რომლის ოთხივე მხარეს განლაგებულია ტაძრის მკლავები. ტაძრის შინაგანი სივრცე ერთ მთლიანობაში აღიქმება. ჩრდილოეთ-დასავლეთის გუმბათქვეშა ოთხწახნაგოვანი პილონი დანარჩენ სამ რვაწახნაგოვან პილონთან შედარებით არაპროპორციული, მოღრეცილი და ბევრად მსხვილია.გუმბათქვეშა ბურჯი ნახევარწრიული თაღებითაა შეკრული. თაღების ქუსლების შესაყართან წარმოქმნილ სამკუთხედებში ამოყვანილია აფრები, რომელთა საშუალებით კვადრატი წრეზე გადადის. ამ კონსტრუქციაზე დამყარებულიაგუმბათის საკმაოდ მაღალი ყელი, რომელიც 13 წახნაგისაგან შედგება. ტაძრის აღმოსავლეთის მკლავი ბოლოვდება ნახევარწრუიული აფსიდით. აფსიდში სამი სარკმელია. ორი სარკმელი დასავლეთის მკლავში, თითო - სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში. გუმბათში შვიდი სარკმელია. ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული სამკვეთლო და სადიაკვნე. ისინი დასავლეთით გასასვლელებით უკავშირდებიან ტაძრის შიდა სივრცეს. სამკვეთლოს და სადიაკვნეს მცირე ზომის ორ-ორი სარკმელი აქვთ. ამ სათავსების თავზე თითო იმავე ზომის პატრონიკეა.
ტაძრის მოხატულობა გვიანდელია (1679 წ.). იგი რესტავრირებულია 1964 წელს სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო სახელოსნოს მიერ (რესტავრატორები: შ. აბრამიშვილი, კ. ბაკურაძე).
საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრების კომპოზიცია, საკურთხევლის ბემის ორსაფეხურიან თაღში - ძუელი დღეთაი, ქერუბიმები, საყდარნი დამთავარანგელოზთა წელზედა ფიგურები. საკურთხევლის მეორე რეგისტრში გამოსახულია მოციქულთა ზიარება. ქრისტეს ორივე მხარეს 12 ფიგურაა. ზოგიერთ მათგანს შემორჩა წარწერა. ქრისტეს ჩრდილოეთით დგანან: პეტრე მოციქული, სვიმონ კანანელი და ბართლომე მოციქული, სამხრეთით - იოანე ღვთისმეტყველი, მათე მოციქული, თომა მოციქული, იაკობ ზებედესი. მესამე რეგისტრში, ცენტრალურ სარკმლის ჩრდილოეთით გამოსახულია წმ. დიონისე არეოპაგელი, იაკობ ძმა უფლისა,იუდა იაკობისი, წმინდა გრიგოლ პტელია, წმ. ლაზარე, წმ. ლავრენტი; სარკმლის სამხრეთით - წმ. იორეტეოსი, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, ანანია მოციქული, წმინდა სვიმონ ძმა უფლისა, წმ. ხურსიმე მოციქული, სტეფანე პირველმოწამე. მეოთხე რეგისტრში, კილისებრ თაღებში გამოსახულია მღვდელთმთავრები, საკურთხევლის ნიშში - წმინდა მსხვერპლი.
წუღრუღაშენის ტაძარი
წუღრუღაშენი — XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის სიონიდან ორიოდ კმ-ზე, მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. ეკლესიის წარწერებში მოხსენებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. რენე შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა, ე. ი. ძეგლი აშენებულია მისი მეფობის დროს 1212-1222 წლებში.
წუღრუღაშენი გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელიც ძლიერ აზიდული პროპორციებისა აქვს. ნაგებობა გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან, რომელთაგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია აფსიდით დასრულებული.საკურთხევლის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული სათავსებია, რომელთა ქვედა სართულებში სამკვეთლო და სადიაკვნეამოთავსებული. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანო ხანის მინაშენი, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-ეგვტერი. განსაკუთრებული სიფაქიზითაა გამოყენებული ეკლესიაში ფერადი ქვები: თბილი მოყვითალო ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით. განსაკუთრებით ოსტატურადაა გამოყვანილი მუქი ყვითელი ფერის ქვის გუმბათის ყელის საპირეები და ბაცი მოყვითალო ქვის კარნიზი.
ბოლნისის სიონი
ბოლნისის სიონი ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურა, გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით - მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია.
საქართველოსათვის ტრადიციული ცენტრული კომპოზიციების გავლენას მოწმობს დასავლეთით შესასვლელის უქონლობა (ახლანდელი XVII საუკუნეშია გაჭრილი), რაც ეწინააღმდეგება ბაზილიკის „სიგრძივ“ ხასიათს. ბაზისებისა და სვეტისთავების საინტერესო სკულპტურული მორთულობა თავმოყრილია ჩრდილოეთი გალერეასა და ტაძრისინტერიერში. მცენარეულ და გეომეტრიული სახეებთან ერთად, რომლებიც სასანური ხელოვნების წრესთან ნათესაობას ამჟღავნებს, გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს - ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. მ.შ. ერთ-ერთი (ბოლოებგაფართოებული ჯვარი წრიულ ჩარჩოში) „ბოლნური ჯვრის“ სახელითაა ცნობილი.
ბოლნისის სიონში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახილებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი), რომლებიც წინაქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ.
ბოლნისის სიონი ნათლად წარმოგვიდგენს როგორც ქართული ბაზილიკის ნათესაობას ქრისტიანულ სამყაროს სხვა ქვეყნის ბაზილიკასთან, ისე მის მკაფიოდ გამოსახულ თავისებურებებსაც. ეკლესიის გვერდით, სამხრეთ-დასავლეთით, დგას XVII საუკუნისსამრეკლო. ბოლნისის სიონი საფუძვლიანადაა რესტავრირებული და შეკეთებული. XVII საუკუნეში აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს დასავლეთ შესასვლელი. 1936-1939 ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. 1967-1969 გადახურეს ჩრდილოეთ გალერეს და არადგინეს მისი დასავლეთი კედელი, უძველესი წარწერის პირი ჩადგეს თავის ადგილას, დააგეს ქვის ახალი იატაკი. ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამხადებული ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი.
No comments:
Post a Comment